ავტორი:

"მახსოვს, ბაბუს პანაშვიდია და შემორბის 3-4 ზორბა კაცი, თურმე შევარდნაძის დაცვა იყო..." - რას იხსენებს იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი

"მახსოვს, ბაბუს პანაშვიდია და შემორბის 3-4 ზორბა კაცი, თურმე შევარდნაძის დაცვა იყო..." - რას იხსენებს იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი

ნუკრი გაბუნია ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მსახიობის, ქართული კინოს კომიკოსის - იპოლიტე ხვიჩიას ნაბოლარა შვილიშვილია. მოგეხსენებათ, იპოლიტემ და მისმა მეუღლემ - ლუბა ქარქაშაძემ ერთმანეთი ქუთაისის თეატრში გაიცნეს, იმ დროისათვის ლუბას ჰყავდა მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი, ნუნუ, თუმცა დიდ სიყვარულს ამან ხელი ვერ შეუშალა და წყვილმა ბედნიერი ოჯახი შექმნა, ნუნუს კი ხუთი შვილი შეეძინა და ჩემი რესპონდენტი სწორედ მისი მოსახელეა. ნუკრი გაბუნია უსაყვარლეს ბაბუს იხსენებს, თუ როგორი მზრუნველი, მოსიყვარულე, მეოჯახე და კეთილი ადამიანი იყო, როგორ გამოხატავდა ხალხი მისდამი სიყვარულს და რამდენად საინტერესო იყო იმ თაობის მსახიობების ლამაზი და დიდი ოჯახის წევრობა და მათი ურთიერთობები:

- ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ასეთი ფუფუნება მხვდა წილად - ბაბუ ასე ახლოს მყოლოდა და ყოველდღიურად, ყოველწუთიერად გვქონოდა ძალიან თბილი და უშუალო ურთიერთობა. ის ძალიან მოსიყვარულე და სიცოცხლისმოყვარე, აქტიური ადამიანი იყო - ისეთი ჩქარი ნაბიჯით დადიოდა, ვერ ვეწეოდით, გარბოდა და ჩვენ უკან მივდევდით. ამის გამო მას ბაკუნას ვეძახდით. ბაბუ რომ გარდაიცვალა, 19 წლის ვიყავი, შესაბამისად, ის საოცარი ბავშვობა კარგად მახსოვს. ბაბუს ძალიან ვუყვარდი, ყველგან თან დავყავდი და სულ კალთაში ვეჯექი ხოლმე. ფილმის გადაღებებზე მთელი ოჯახი მივდიოდით - ბებო, დედა და ხუთივე ბავშვი... დიდი მხიარულება იყო ხოლმე.

ბევრი კომიკოსია, რომლებზეც ამბობენ, ოჯახში მძიმე ხასიათი აქვთო, ბაბუ კი საოცრად კომფორტული ადამიანი იყო. ხუთივე შვილიშვილს გვქონდა განცდა, რომ მისთვის ნომერი პირველი და გამორჩეული ვიყავით - სულ მეგონა, რომ ყველაზე მეტად მე ვუყვარდი, სხვებსაც ანალოგიურად. ოჯახში სიტყვები "სიძე", "რძალი" არ არსებობდა, ყველა მისი შვილი იყო. დედაჩემს უამრავი შვილობილი ჰყავდა, ბებოს კი საათები ჰქონდა განსაზღვრული, ვისაც რა უჭირდა, შეეძლო მოსულიყო და ყველას ეხმარებოდა. ბაბუც ყველას უსიტყვოდ ეხმარებოდა და მერე ეტყოდა ხოლმე, იცოდე, არ შემარცხვინოო.

მოგეხსენებათ, ლუბა ბებიაც მსახიობი იყო, მაგრამ დედაჩემს ტყუპი რომ შეეძინა, მანანა და ავთო, სცენას თავი დაანება და მას ეხმარებოდა. მერე მხოლოდ ეპიზოდურ როლებში იყო ფილმებში, ისიც იმიტომ, რომ ბაბუს უნდოდა, თორემ თვითონ მთლიანად ოჯახზე იყო გადართული. "პირველ მერცხალში" ქალი რომ მიდის ძაღლით, სწორედ ლუბა ბებიაა, ბაბუა რომ ეუბნება, აბრძანდით, ქალბატონო, ტროტუარზე თქვენს ძაღლთან ერთადო. სხვათა შორის, ბაბუ გიჟდებოდა ცხოველებზე, ფრინველებზე, ბუნებაზე, შინ ყოველთვის გვყავდა ძაღლი და კატა. ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს - რა ვიცი, ბაბუ, მერე იქნება მე ვიყო ჭიანჭველაო, ხუმრობდა.

- როგორი იყო ლუბასა და იპოლიტეს ურთიერთობა?

- ბოლოს ორივეს ერთი და იგივე დაავადება ჰქონდა - ინსულტი, ერთს მარჯვენა მხარეს, მეორეს - მარცხენა. ბაბუ ეხუმრებოდა, სულ ვიცოდი, რომ ძალიან გიყვარდი, მაგრამ ასე თუ გიყვარდი, არ მეგონაო. მაშინ ხომ მობილურები არ იყო და იპოლიტე სადმე ქალაქგარეთ თუ იყო წასული, ყოველდღე რეკავდა, ბებო კი სახლში იჯდა ზუსტად იმ საათზე, როცა მის ზარს ელოდებოდა. ყველაფერს გამოჰკითხავდა, როგორ ხარ, ბაკუნა, მანდ ძალიან ცივა? ფეხზე თბილად ჩაცმა არ დაგავიწყდეს, ის თუ შეჭამე, ეს თუ გააკეთეო...

ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, დიდ პატივს სცემდნენ. სხვათა შორის, კამათობდნენ კიდეც, როცა რაიმე საკითხზე არ ეთანხმებოდნენ - საჭმელზე, ტელევიზორში რამეს რომ დაინახავდნენ, მაგრამ მათი აწეული ხმა არ გამიგონია. რამის გარჩევა რომ მიდიოდა, აბა, რომელიმეს ბებოს მხარე დაგვეჭირა, ბაბუ მაშინვე გაიბუტებოდა, ხელჯოხს სახეს ჩამოადებდა და დიდი მწვანე თვალები დაუნაღვლიანდებოდა. ისე, სულ უციმციმებდა და ყველას უღიმოდა. რამე თუ აწუხებდა, მხოლოდ თვალებზე შეამჩნევდი, მაგრამ არაფერს იტყოდა, არ იმჩნევდა.

საბურთალოზე მეექვსე სართულზე ვცხოვრობდით და სახლში დაბრუნებული ბაბუ პირველ სართულზე რომ ჩაახველებდა (მას ხომ ასთმა ჰქონდა), ბებია უკვე ხვდებოდა, რომ ის იყო, გავარდებოდა სამზარეულოში, საჭმელს უცებ შემოდგამდა ქურაზე გასაცხელებლად და სანამ ამოვიდოდა, თითქმის მზად ჰქონდა. ლუბას ხაჭაპურები ცნობილი იყო, მაგრამ სხვებს უფრო მოსწონდათ, ვიდრე ბაბუს, მას ლობიო და კიევური კატლეტი უფრო უყვარდა. სადმე რომ მიდიოდა, ბებია ლობიოს ჩუმად უხარშავდა ხოლმე სასტუმროში, განა სხვაგან ვერ შეუკვეთდა, მაგრამ მაინცდამაინც ლუბას გაკეთებული უნდოდა. სადაც დავდიოდით, ის პატარა ქოთანიც თან დაგვქონდა, ერთხელ ნომრის აივანზე ქურა დადგა ლობიოს მოსახარშად...

ბაბუს რომ დაენახა, ქუჩაში ვიღაც ჩხუბობდა, შუაში ჩახტებოდა და გააშველებდა; ცურვა არ იცოდა და წყალში გადახტებოდა ვიღაცის გადასარჩენად, მაგრამ რაც შეეხება მიწისძვრას, პანიკური შიში ჰქონდა. ერთხელ მაჰაჩყალაში იყვნენ, იქ თურმე ხშირად იყო მიწისძვრა და ნომერში მასთან ყოველთვის ვიღაც რჩებოდა, რომ მარტო არ ყოფილიყო. ფოსტა იქვე ახლოს ყოფილა და დილის 5 საათიც რომ ყოფილიყო, ჩაირბენდა თურმე, ლუბა, კიდევ შეგვაქანა და ასე მე ვერაფერს გადავიღებ, მეუბნებიან, ზოგიერთი კადრი არ მოგვწონსო, და როგორ უნდა მოეწონოთ, როგორც კი მიწისძვრაზე გავიფიქრებ, მაშინვე სახლში მინდა გამოქცევაო. ეს აქედან ამშვიდებდა, ბაკუნა, არაფერი მოგივაო.

ბაბუა და შვილიშვილი

- რას გიყვებოდათ იპოლიტე მის ბავშვობაზე, ოჯახზე?

- იპო სასწაულად ცელქი ბავშვი ყოფილა. ერთ სახალისო ამბავს გიამბობთ მის დედაზე. როცა პისტი "პირველად გარდაიცვალა", მაშინ ბალზამი სად იყო, პირდაპირ ესვენა და რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც "იმერულ ესკიზებშია" ნანა მჭედლიძესთან, პისტიმ შეიფშვნიტა თვალები, წამოჯდა, მიიხედ-მოიხედა და ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რა ამბავი ატყდებოდა. ამის მერე კბილიც კი ამოუვიდა და ბაბუა ეხუმრებოდა, დედა, ახლა შენ კიჭები ამოგდის და მეორე ცხოვრება დაგეწყოო. რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა პისტი ბებია. ძალიან პატარა, ჩია ქალი იყო, ღობეზე თხა ჰყავდა დაბმული, მისი მოხსნა უნდოდა და გაექცა, მან კი თოკს ხელი არ გაუშვა, წაიქცა და თხამ ათრია... მერე ერთი თვე ჰყავდათ სახლში დასვენებული, ელოდებოდნენ, კიდევ როდის წამოდგებოდა. ბოლოს, ექიმმა რომ დაადასტურა, ნამდვილად გარდაცვლილიაო, დაკრძალეს.

იპოლიტეს დედა ძალიან უყვარდა, მას რომ წამალი დასჭირდებოდა, ბაბუაჩემს თვალები უწყლიანდებოდა - დედას რომ რამე დაემართოს, ვერ გადავიტანო... ბაბუს ძმისშვილები, ნანუკა და ბელა მახსოვს. პისტის სულ ჰქონდა ჯიბეებში სასუსნავები და გვაჭმევდა ხოლმე.

  • ერთ ამბავსაც გავიხსენებ... ჩვენთან კარი სულ ღია იყო და ერთხელ უცხო ბიჭებმა შემოაღეს. ერთი ტირის. რა მოხდაო, ბაბუმ ჰკითხა. ბატონო იპოლიტე, ახლა ტაქსისტმა გვითხრა, საწყალი იპოლიტე მომკვდარა, აქ ცხოვრობდაო, და გადავირიეთ, სამძიმარზე ამოვედითო. არა უშავს, დიდხანს ვიცოცხლებ, კვირაში ორჯერ მკლავენ, არ ინერვიულოთო, და ბაბუმ სუფრასთან მოიპატიჟა, დასხდნენ და დილამდე ქეიფობდნენ...

ბაბუს გარდაცვალება ძალიან განვიცადე. ფილტვების ანთება დაემართა ზამთარში. მეზობელმა სადღაც გაყოლა სთხოვა. ბაბუ ფეხსაცმელს ვერ იცვამდა, მოჭიდავეებს მოჰქონდათ მისთვის სპეციალური ფეხსაცმელი - "ბარცოვკები", ისინი ეცვა და ფეხი გაუცივდა. სახლში დაბრუნებულს მაღალი სიცხე ჰქონდა, ქოშინი, ხველა დაეწყო. ჩვენ გვეგონა, ასთმის შეტევა ჰქონდა. 31 იანვარი იყო. სასწრაფოს ექიმებმა ფილტვებზე მოუსმინეს, რაღაც გაუკეთეს ვენაში, თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ ანთება რომ იყო, ვერ მიხვდნენ, არც უთქვამთ გადავიყვანოთო. მთელი ოჯახი იქ ვიყავით, ბესოს გარდა, მაშინ საბერძნეთში იყო. ბაბუ ორი ჯოხით დადიოდა ხოლმე და რომ დაიწყობდა გვერდზე, ერთზე ერთი შვილთაშვილი იჯდა - ლაშა, მეორეზე - ბაჩი. ასე ისხდნენ იმ მომენტშიც - ბაბუ, თქვენ რომ აქ სხედხართ, ნემსის აღარ მეშინიაო. ექიმები კარგა ხანს იყვნენ, ვსაუბრობდით, ვიცინოდით, სპაზმი მოეხსნა და წავიდნენ. გავიდნენ თუ არა, 15 წუთში ისევ ცუდად გახდა, დავრეკეთ და იგივე ბრიგადა მოვიდა. საავადმყოფოში გადაგიყვანთო, უთხრეს. უკვე ისე ცუდად იყო, ვეღარ ლაპარაკობდა. მაკამ მითხრა, ბავშვები გამოიყვანე ოთახიდანო, მაგრამ ბაბუმ არ გამომატანა, აქ იყვნენო, და ანეკდოტის მოყოლა დაიწყო, შუამდე მივიდა, მაგრამ გაგრძელება ვეღარ შეძლო და მაკას გახედა, ბაბუ, შენ დაამთავრეო. მაკას თან ცრემლი მოსდიოდა, თან ჰყვებოდა... ექიმები ნემსს უკეთებდნენ და უკვე წამალიც აღარ წავიდა ვენაში. ერთმანეთს რომ გადახედეს, ბავშვები გამოვიყვანე... მაისური რომ გავხადეთ, ზურგი მთლიანად გალურჯებული ჰქონდა, ფილტვები შეეკუმშა და ფაქტობრივად, დაიხრჩო. საშინელი მომენტი იყო. მახსოვს, ცრემლი ჩამოუგორდა... ის დღეები კოშმარულად მახსოვს, უდიდესი გულისტკივილი იყო. არ ვიცი, როგორ გადავიტანეთ. იმ ხალხმა გადაგვატანინა, რომელიც გვერდში გვედგა და მოდიოდნენ.

მახსოვს, ბაბუს პანაშვიდია და, შემორბის 3-4 ზორბა კაცი. ბებიაჩემს გაუკვირდა, ნეტავ ამ კაცებთან იპოს რა საქმე ჰქონდაო? თურმე შევარდნაძის დაცვა იყო. მაშინ უკვე "სემიონოვკაზე", სევასტოპოლის ქუჩაზე ვცხოვრობდით, ვერის სასაფლაოსთან. დაიარეს სახლი, მიიხედ-მოიხედეს, ჭერში იყურებიან - უი, ჭერი რა დღეშია, წყალი როგორაა ჩამოსულიო, ბატონი ედუარდი უნდა მოვიდეს და უცებ ან შევათეთროთ, ან რამე ვქნათო. ბებომ უთხრა, როგორიც მივიღეთ, ისეთ სახლში გარდაიცვალა, რემონტიც ვერ გავაკეთეთ, თქვენ გგონიათ, ფული სადმე გვქონდა ჩაკუჭულიო? რა გათეთრება, რის გათეთრება? იპო მაგას ვეღარ დაინახავს, გაათეთრებთ თუ რას იზამთ და ბატონი ედუარდი თუ უნდა შეწუხდეს, საერთოდ ნუ მოვა, არ შეწუხდესო. არ მოვიდა. შეიძლება ასევე გადასცეს და ეწყინა კიდეც, არ ვიცი. არადა, დედა, მისი მეუღლე ნანული და მედიკო მეზვრიშვილი მეგობრობდნენ, კურსელები იყვნენ. იმხელა თავზარი დაგვეცა ბაბუს გარდაცვალებით, ვის ჰქონდა ამის განწყობა?...წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად