ავტორი:

რუბიალესს ქალის კოცნისთვის 2 წლით პატიმრობას უსჯიან - "მისმა სკანდალმა ისტორიული მომენტი დაჩრდილა"

რუბიალესს ქალის კოცნისთვის 2 წლით პატიმრობას უსჯიან - "მისმა სკანდალმა ისტორიული მომენტი დაჩრდილა"

ესპანელი პროკურორები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელ ლუის რუბიალესს ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან. რუბიალესი სექსუალურ ძალადობაში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც მან ფორვარდ ჯენიფერ ერმოსოს ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვების შემდეგ დაუკითხავად ტუჩებში აკოცა. კოცნის მომენტი გლობალური ტელევიზიით გადაიცა და სკანდალმა ესპანეთის ქალთა ნაკრებისთვის ეს ისტორიული მომენტი დაჩრდილა: გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ გამარჯვებას ზეიმობდა.

რუბიალესმა იმ პერიოდში კოცნას ორმხრივი უწოდა და დასძინა, რომ ფეხბურთელისგან თანხმობა ჰქონდა, რაც ერმოსომ კატეგორიულად უარყო.

  • სკანდალის შემდეგ, ლუის რუბიალესი მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ფიფამ, თანამდებობიდან დროებით დაითხოვა, მანამ, სანამ ის საბოლოოდ საკუთარი ნებით არ წავიდა.

საჯარო სამინისტრომ რუბიალესი ოფიციალურად დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში. პატიმრობის გარდა, პროკურორებმა მას ერმოსოსთან კომუნიკაცია აუკრძალეს და 4 წლით მისგან 200-მეტრიანი დისტანციის დაცვა მოსთხოვეს. რუბიალესი ქალ ფეხბურთელს კომპენსაციის სახით 54 100 დოლარსაც გადაუხდის.

პროკურორებმა აგრეთვე დაადანაშაულეს ესპანეთის ქალთა ფეხბურთის ყოფილი მწვრთნელი ხორხე ვილდა, ესპანეთის ნაკრების დირექტორი ალბერტ ლუკე და მარკეტინგის დირექტორი რუბენ რივერა, რომლებიც, მათი თქმით, კოცნის გასამართლებლად ერმოსოზე ზეწოლას ახდენდნენ. სასამართლო ერმოსოსთვის კომპენსაციის სახით ოთხივეს 54 100 დოლარის გადახდას მოსთხოვს.

ამ ინციდენტმა ესპანეთში მაჩოს კულტურის გავრცელების შესახებ დისკუსიები გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წლებში, ქვეყანაში, სექსუალური ძალადობისა და სექსიზმის წინააღმდეგ მასიური პროტესტი იმართებოდა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა