ავტორი:

ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე - "საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ"

ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე - "საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ"

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ ისტორია დაწერა. ქართველი ფეხბურთელები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს. დაძაბული და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, სანუკვარი ოცნება ახდა და ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

  • საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო, გოლების ავტორები იყვნენ გიორგი ქოჩორაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ლაშა დვალი და ნიკა კვეკვესკირი.

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, გიორგი ქოჩორაშვილის ღირებულება 1 მლნ ევროს შეადგენს, ნიკა კვეკვესკირის - 600 ათას ევროს, ზურიკო დავითაშვილის - 2,5 მლნ ევროს, ლაშა დვალის - 750 ათას ევროს.

რა თქვა ვილი სანიოლიმ მატჩის შემდეგ?

"ადრე შეიძლება ბევრი ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებიდან უნდა წავსულიყავი, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი, რომ შედეგებს თვეები და წლები სჭირდება. სიმართლე გითხრათ, წასვლაზე არც არასდროს მიფიქრია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ, ჩემს ირგვლივ პროფესიონალები არიან, მათთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოა...

პენალტებზე საკმაოდ ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც პენალტების სერია გიწევს, არასდროს იცი, ვინ დაასრულებს თამაშს და შესაბამისად, ვინ დაარტყამს. ინდივიდუალურად ვისაუბრეთ და გავიგეთ, ვინ იყო მზად დასარტყმელად.... ქოჩორაშვილმა პირველმა თქვა, მე დავარტყამო და არც გამკვირვებია - ის ფანტასტიკური პიროვნებაა, ძლიერი ხასიათი აქვს და ნაკრებში სიტუაცია მისი გამოჩენის შემდეგ შეიცვალა."

ფოტო: EUROPOP

"თამაში რომ მორჩა, ემოციის გარეშე დავრჩი, იმხელა ემოციები გვქონდა თამაშში ჩადებული. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რამხელა ისტორია დაიწერა. სამი-ოთხი წელი დიდი შრომა ჩავდე, შეიძლება, ამ მომენტისთვისაც. ეს ის დანიშნულება იყო, რომელიც უნდა შემესრულებინა. როდესაც ავიღე ბურთი, ისეთი შეძახილები და სიმღერა მესმოდა, რომ... ზუსტად ეგ მომენტია, როცა ან კარგი იმარჯვებს შენზე, ან - ცუდი. ხალხის დახმარებით კარგმა გაიმარჯვა. მე მოვითხოვე სანიოლთან პირველი დარტყმა. მზად ვიყავი იმისთვისაც, რომ შეიძლება ყველაფერი პირიქით ყოფილიყო, მაგრამ ვარჯიშმა და ყველაფერმა, რაც მანამდე გავაკეთე, შედეგი გამოიღო. პენალის დარტყმის დროს რომ ვიდექი, თითქოს იმ სიმღერამ რასაც მღეროდნენ, მომცა ის მუხტი, რომ სწორად მიმემართა ჩემი ემოციები და ფიქრები", - თქვა დღეს "იმედის" ეთერში ქოჩორაშვილმა.

25 წლის გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში "საბურთალოს" წევრი იყო, 2018 წელს კი სათამაშოდ ესპანეთში წავიდა. 2019 წელს ის "ლევანტეს" შეუერთდა, რომლის მაისურით 2020 წელს ლა ლიგაში 3 მატჩიც ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით გიორგიმ გასული სეზონი კასტელონში იჯარით გაატარა, ზაფხულში კი ლევანტეს დაუბრუნდა, სადაც ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა, თუმცა ლევანტეში სადებიუტო გოლი ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ესპანეთის თასზე შეაგდო.

გასული წლის დეკემბერში ქოჩორაშვილმა "უესკასთან" მატჩის დროს ტრამვა მიიღო. "ლევანტეს" ოფიციალურმა გვერდმა თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა და მზადაა, დაუბრუნდეს მოედანს. "ეს ძალიან კარგი ამბავია საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელსაც 21 მარტს ლუქსემბურგთან ზე-მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელოდება" - ეწერა მაშინ ინფორმაციაში.

გიორგი მამარდაშვილთან მეგობრობა

"როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ვცდილობთ ერთად ვიყოთ. ხშირად არ ემთხვევა ჩვენი თავისუფალი დროები, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ერთ კვირას - 10 დღეს ერთად ვატარებთ. დიახ, ესპანეთში გველოდება თამაში, კონცენტრირებული ვართ უახლოეს მატჩებზე და ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ", - ამბობდა გასული წლის შემოდგომაზე ესპანურ რადიო Cope-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

უფრო მეტი გიორგიზე...

გიორგი ქოჩორაშვილი წარმოშობით გურჯაანის რაიონ კარდენახიდან არის. ჰყავს მშობლები და ერთი და, რომელიც დაოჯახებულია და გუშინ ისტორიულ მატჩს თავადაც ესწრებოდა.

მშობლებთან, დასთან და დის შვილთან ერთად

2023 წლის ბოლოს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ესპანურ რადიოსთან ინტერვიუში თქვა, რომ თავმდაბალი ადამიანია...

"საქართველოში მე არ ვარ ფანების კერპი. ასეთია ხვიჩა კვარაცხელია. ის ყველას ძალიან უყვარს და მსოფლიო დონის ვარსკვლავია. მე ვარ თავმდაბალი მოთამაშე, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ითამაშოს მაღალ დონეზე. ესპანეთში ჩამოვიდნენ ჩემი მეგობრები. გულშემატკივრებმა ჩემთან სურათები გადაიღეს. მაშინ მეგობრებმა მითხრეს, რომ ასე მათაც კი არ ვუყვარვარ (იცინის)", - თქვა სპორტსმენმა.

პირადი ცხოვრება

გიორგი ქოჩორაშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული გოგონა, ბრაზილიელი სანდრა მენდონსაა. როგორც ჩანს, 2023 წლის სექტემბერში ქალი ნაკრების მატჩს საქართველოში დაესწრო, ფოტოზე ჩანს, რომ სტადიონზე ზის და გიორგის მაისური აცვია.

გუშინდელ მატჩზე კი ინსტაგრამზე გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი გოლის ვიდეოს აქვეყნებს და წერს „ოცნებები ხდება...“ როგორც ჩანს, ამჯერად საყვარელ მამაკაცს შორიდან გულშემატკივრობდა.

სექტემბერში სანდრა იუბილარი გახლდათ. გიორგიმ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიცოცხლე. მადლობა, რომ ხარ ვინც ხარ და მადლობა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ, კარგ და ნაკლებად კარგ დროს“

ნახეთ ასევე: