ავტორი:

ყველაზე დიდი თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკაზე და  მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე - რა შედეგი მოჰყვა რუსეთის შეტევას დნიპროს ჰიდროელექტროსადგურზე

ყველაზე დიდი თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკაზე და  მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე - რა შედეგი მოჰყვა რუსეთის შეტევას დნიპროს ჰიდროელექტროსადგურზე

რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმის გამო, 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლექსი კულებამ განაცხადა.

  • მისი ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ხარკოვის ოლქში დაახლოებით 700 000 ადამიანი დაზარალდა, მინიმუმ 200 000 ათასი სამხრეთ ოდესაში, ამდენივე სამხრეთ-აღმოსავლეთ დნეპროპეტროვსკში და 110 000 - პოლტავის ოლქში.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული დრონებისა და რაკეტების სამიზნე ელექტროსადგურები, ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და საცხოვრებელი კორპუსები იყო.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ დღეს განხორციელებული თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს შორის ყველაზე მასშტაბური იყო.

"მიზანი არის არა მხოლოდ ზიანის მიყენება, არამედ მცდელობა, რომ ისევე როგორც გასულ წელს, წელსაც ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ფართომასშტაბიანი მარცხი გამოიწვიონ“, - დაწერა მან „ფეისბუქზე“.

  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინას 90-მდე რაკეტითა და „შაჰედის“ 60-ზე მეტი დრონით შეუტიეს.

"ღამის განმავლობაში იყო 60-ზე მეტი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის თითქმის 90 რაკეტა. მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების სამიზნეებს: ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, ტროლეიბუსიც კი. რუსეთი ებრძვის ხალხის ჩვეულებრივ ცხოვრებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არცერთი მოქალაქე არ დარჩება დახმარების აღმოჩენის გარეშე. „არავინ დარჩება დახმარების გარეშე. ელექტროენერგიის აღდგენა გრძელდება. ხარკოვი და რეგიონი, ზაპოროჟიე, სუმის ოლქი, პოლტავას ოლქი, დნეპროპეტროვსკის ოლქი, ოდესის ოლქი, ხმელნიცკი და რეგიონი, ვინიცა, ფრანკოვსკის ოლქი - ყველგან, სადაც საჭიროა, აღდგენითი სამუშაოები ღამიდან გრძელდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის პარტნიორებს ესმოდეთ შეფერხებებისა და გადავადებული გადაწყვეტილებების ფასი.

"Patriot-ის სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე; საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა არის საჭირო. ნამდვილად შეუძლიათ მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა. ადამიანების სიცოცხლე დაცული უნდა იყოს ამ მოსკოველი არაადამიანებისგან“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს რუსები თავს დაესხნენ უკრაინის რამდენიმე ქალაქს და ქვეყნის ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურს, დნიპროს ჰიდროელექტროსადგურს.

ნახეთ ასევე: